მზიურის კაფე - საქართველოში პირველი კაფე, რომელსაც აქვს მენიუ ბრაილით

მზიურის კაფე, რომელიც 3 თვეც არაა, რაც ახალ მზიურში გაიხსნა, უკვე ამკვიდრებს თანამედროვე სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში. ის პირველი კაფეა, სადაც უსინათლოები დამოუკიდებლად შეძლებენ მენიუში სასურველი კერძის არჩევას.

პროექტის ავტორი ანა გოგუაძეა. ის ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ პაწაწინა კაფე გამხდარიყო მაგალითი, როგორ უნდა შეიქმნას სივრცე ყველასთვის.

"დღეს ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი რადგან მზიურის კაფე არის საქართველოში პირველი კაფე რომელსაც აქვს მენიუ ბრაილით! დღეიდან უსინათლო სტუმარს დამოუკიდებლად შეეძლება მენიუს წაკითხვა!" - წერს ანა ფეისბუკზე.

მზიურის კაფეში უკვე თვეზე მეტია სმენის არმქონე თანამშრომელიც მუშაობს. ეს პატარა, მყუდრო, სასიამოვნო სივრცე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში, რომელიც ცივილიზებული, თანამედროვე სამყაროს ნაწილად გაგრძნობინებს თავს.

"ჩვენ გვინდა მზიური იქცეს სივრცედ, სადაც ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანი შეძლებს მოსვლას და დასვენებას. თუკი მერიის მხარდაჭერა გვექნება, სპონსორების დახმარებით ავამუშავებთ დაკეტილ კაფეს, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის და არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე. დამონტაჟდება პანდუსები, უსინათლოებისთვის გაკეთდება ბილიკები. ასევე გაკეთდება ამფითეატრი, სადაც მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები" - ამბობდა ანა გოგუაძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ.

9 ოქტომბერს ახალ მზიურში ჯონ ლენონის კედელი გაიხსნა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველია. მზიურის კაფეში ხშირად იმართება მუსიკალური საღამოები და კინოჩვენებები. 

5 ნოემბერს კაფეს ეზოში როკის მოყვარულებისთვის ლეგენდარული Led Zeppelin-ის live კონცერტი გაეშვება. 

ახალი მზიური საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება აქციო იდეა რეალობად, დაუღალავი შრომისა და მონდომების პირობებში.

ფოტო: ახალი მზიური