თბილისში მოძრავ ყველა ავტობუსში მალე უფასო Wi-Fi იქნება

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სამომავლოდ თბილისში მოძრავი ყველა ავტობუსი Wi-Fi სისტემით იქნება აღჭურვილი.

ახალ ავტობუსებში უფასო ინტერნეტი, სავარაუდოდ, მომავალი ორი თვის განმავლობაში იქნება.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურმა On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან არ იციან რა დროს წაიღებს მზადება, თუმცა ერთ ნომერში უკვე დამონტაჟებულია Wi-Fi სისტემა, უახლოეს მომავალში კი 143 ნომერშიც იქნება უფასო ინტერნეტი:

"აქამდე ჩატარდა ტესტირება, 37 ნომერზე დამონტაჟდა Wi-Fi, ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მგზავრებს შეეძლოთ ინტენეტით წარმატებით სარგებლობა და ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი, 143 ავტობუსი აღვჭურვოთ ვაიფაი სისტემით. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ახალ ავტობუსებს ეხება, რადგან დაგეგმილია ავტოპარკის სრულად განახლება".