საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

დღეს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოქტომბრის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები წინა თვესთან შედარებით 15 პოზიციითაა დაწინაურებული.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული გუნდი 122-ე ადგილზეა და 270 ქულა აქვს. ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ვაისია.

ფეხბურთის ნაკრებმა ამ თვეში 2 შეხვედრა ჩაატარა - ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, შემდეგ კი კარდიფში უელსის ნაკრებთან მათი შეხვედრა ფრე დასრულდა.

რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, ხოლო მეორე ადგილზე გერმანიამ გადმოინაცვლა. მესამე ადგილზეა - ბრაზილია. საუკეთესო ათეულში აღარაა უელსის ნაკრები, რომელსაც მეთერთმეტე პოზიცია უკავია.

FIFA-ს განახლებული რეიტინგი სრულად მის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.