ამერიკელმა ქირურგებმა თავებით შეერთებული 1 წლის ტყუპები წარმატებით განაცალკევეს

ტყუპი ბიჭების განცალკევება, რომლებიც თავებით იყვნენ შეერთებულნი, ბრონქსის ბავშვთა ჰოსპიტალში პარასკევ დილას წარმატებით დასრულდა.

ჯედონ და ენაიას მაკდონალდები 1 წლის და 1 თვის არიან. მათი ოპერაცია ხუთშაბათს დაიწყო და 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა. განცალკევების პროცესის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი მათი თავის ქალების აღდგენას და გამთლიანებას დასჭირდა.

ექიმებმა პირველი ჯედონის ოპერაცია დაასრულეს. ის დილის 8-ის ნახევარზე გამოიყვანეს საოპერაციო ოთახიდან. მისი უკვე სრულყოფილი ზომის თავი თეთრი დოლბანდით იყო შეხვეული. ბიჭუნა ინტენსიური მეთვალყურეობის პედიატრულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის მშობლებმა ნიკოლ და კრისტიან მაკდონალდებმა მოინახულეს.

მშობლებმა და საავადმყოფომ CNN-ს ამბის გაშუქების უფლება მისცა. მშობლები ჯედონის გამოჩენას ემოციებით შეხვდნენ. "ჩემი ბიჭი" - თქვა ცრემლმორეულმა მამამ. ცრემლებს ვერ იკავებდა ნიკოლიც.

8 საათზე ენაიასი ჯერ ისევ საოპერაციოში იყო. 

ნიკოლი ფეისბუკზე ჯედონის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ენაიასის ოპერაცია კიდევ 2 საათს გაგრძელდება.

ოპერაციას ექიმი ჯეიმს გუდრიჩი უძღვებოდა, რომელიც კრანიოფაგების ოპერაციის ექსპერტია. ეს მის მიერ ჩატარებული მეშვიდე ოპერაციაა. მისი ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია 22 საათს გაგრძელდა.

ნიკოლისთვის და კრისტიანისთვის ტყუპების განცალკევების გადაწყვეტილება ურთულესი იყო, რადგან პროცედურა მაღალ რისკებს შეიცავდა, მათ შორის ბავშვების სიკვდილს და ერთ-ერთი ან ორივე მათგანის ტვინების დაზიანებას.

გუდრიჩმა წარმატებული განცალკევების შესახებ მშობლებს დილის 3 საათზე ამცნო:

"ჩვენ ეს შევძელით".

თავის ფეისბუკის გვერდზე ნიკოლი წერს:

"ისინი უკვე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბავშვები არიან და ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებულნი, როგორი იქნება მათი მომავალი. სანამ ქირურგმა ოთახი არ დატოვა, ტირილი ვერ შევძელი. ამის შემდეგ კი მხოლოდ მადლობას ვიხდიდი. შემდეგი რამდენიმე თვე კრიტიკული იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორ გაუმკლავდნენ ენაიასი და ჯედონი ოპერაციას".

წყარო: CNN.