ქართველი ექიმები კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ

ამერიკის ხმის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდი წარმოადგინეს.

გამოგონების ავტორი კანადაში მცხოვრები ბესიკ სურგულაძე და თამარ ცქირიშვილი არიან. ისინი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობენ.

ბესიკ სურგულაძის განმარტებით, საგანგებოდ ამ მეთოდისთვის შემუშავდა ინოვაციური დამიზნებითი ჰიპერთერმიის აპარატი და პრეპარატი/მარკერი, რომელიც მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკების ბაზაზე შეიქმნა.

"პრეპარატს არ გააჩნია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმდენად, რამდენადაც ის ორგანიზმში არ შედის რეაქციაში არცერთ ორგანულ ნივთიერებასთან და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან" - აცხადებს ის.

თბილისში მოღვაწე პროფესორის და ონკოლოგის რემა ღვამიჩავას თქმით, მისი დაკვირვებითაც მეთოდი უსაფრთხოა და ამასთან რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:

"პირველ რიგში, პრეპარატი არ არის რადიოაქტიური. გარდა ამისა, იძლევა გაცილებით უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რაც მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ქმნის".

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მეთოდის კლინიკურ დანერგვაზე ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტში და საქართველოში, კიბოს კვლევის ცენტრში.

თერაპიის შედეგად, შემცირდება ოპერაციის ხანგრძლივობაც, გართულებების რაოდენობა და მეორადი მეტასტაზირების ალბათობა.

წყარო - ამერიკის ხმა.