როგორი იქნება განახლებული 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები

2016 წლის პირველი ნოემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან. რაც შეეხება 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს, ისინი მოგვიანებით განახლდება.

"წინა მხარეს გამოსახულია შოთა რუსთაველის პორტრეტი, ილუსტრაცია ვეფხისტყაოსნიდან, პირველნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის გვერდი, ორნამენტი 17-ე საუკუნის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერიდან".

ქართული ლარის ბანკნოტების ახალი სერიით განახლება 2015 წლის ბოლოს დაანონსდა. ლარის ახალ სერიაზე საგრძნობლადაა გაუმჯობესებული სურათების ხარისხი და ზომა, განახლებულია დამცავი ნიშნებიც, დართულია ახალი სიმბოლოც. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს მარჯვენა და მარცხენა მხარეს დატანებული ნიშნები, რაც მას სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ადვილად ამოცნობადს ხდის.