საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა

6 ოქტომბერს საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო PINEO Luxury გაიხსნა. ის მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა.

ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული.

ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი.

საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დედებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული.

ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა.

სამშობიაროს გახსნაზე იმყოფებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც.