ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების 6 მედალი მსოფლიო ოლიმპიადებზე ბოლო 2 თვეში

ქართველმა მოსწავლეებმა მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს. ინფორმატიკის ეროვნულმა ნაკრებმა 2 თვეში 6 მედალი მოიპოვა.

გასულ კვირას, ყაზანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა IOI-2016 გაიმართა. ოლიმპიადა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. ოლიმპიადის მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა ქვეყანას სამი მედალი შესძინეს.

წლევანდელ მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველო ოთხი ნიჭიერი მოსწავლით იყო წარდგენილი. გუნდის ოთხი წევრიდან სამმა მოსწავლემ საუკეთესო შედეგი აჩვენა, მათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსოფლიო ოლიმპიადამდე ახალგაზრდები ევროპის ტურნირზეც ასპარეზობდნენ, სადაც ასევე 3 მედალი მოიპოვეს და ჯამში 2 თვის განმავლობაში 6 მედლის აღება შეძლეს.

წელს საქართველოს სახელით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:  გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) - ვერცხლის მედალი, გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) - ბრინჯააოს მედალი, ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-11 კლასი) - ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევროპის ოლიმპიადის პრიზიორ ქუთაისელ ბაკურ ცუცხაშვილს უმნიშვნელო ქულა დააკლდა მედლამდე.  IOI-2016-ის მედალოსანი სამივე მოსწავლე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა.

გუნდის ხელმძღვანელის, ბატონი გოჩა მანდარიას განცხადებით საკმაოდ რთული ბრძოლა მოუწიათ ქართველ ახალგაზრდებს, მაგრამ მათი საერთო შედეგი მიმდინარე ზაფხულში საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მხოლოდ ორ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა  6 მედალი მოიპოვა, რაც მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი შრომის შედეგია.

“ჩვენმა მოსწავლეებმა ღირსეულად იბრძოლეს და ღირსეული შედეგიც დადეს. ყველა იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეს ძალიან კარგი შედეგია“ - განაცხადა ბატონმა გოჩამ.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა-IOI 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს.