გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველომ 100 ბალიანი შეფასების კრიტერიუმით 33,9 ქულით გაუსწრო ისეთ უმსხვილეს ქვეყნებს როგორიცაა: ინდოეთი, ბრაზილია, ყაზახეთი და სხვა.

2016 წლის გლობალური ინოვციური ინდექსის, ამჯერად უკვე მეცხრე გამოცემა, ერთობლივად გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ,  კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) და  ბიზნეს ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (INSEAD)  მიერ.

გლობალური ინოვციური ინდექსი ძირითადად შედგება მსოფლიო ეკონომიკების ინოვაციური პოტენციალის რეიტინგებისა და შედეგებისგან.

გლობალური ინოვაციის ინდექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს და მდიდარ მონაცემთა ბაზას, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა ქვეყნის ეკონომიკური  მაჩვენებლები, რომელიც 2016 წელს მოიცავდა 128 ქვეყნის მაჩვენებელს, რაც წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობის 92.8%-ს და გლობალური მშპ-ს 97.9%-ს.

ინოვაციების სააგენტოს მხრიდან 2015 წლის განმავლობაში 17 ინოვაციური სტარტაპისთვის გრანტები გაიცა, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 750 000 ლარს. ამის საფუძველზე განვითარდნენ ინოვაციური კომპანიები, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ზოგ შემთხვევაში ექსპორტზე გავიდა ქართული ინოვაციური პროდუქტები.