ღია ცის ქვეშ გამართული 3 დღიანი მუსიკალური ფესტივალი ლისის საოცრებათა ქვეყანაში

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

რამდენიმე დაუგეგმავი ექსცესის მიუხედავად, Tbilisi Open Air 2016 შედგა და სიყვარულისა და ბედნიერებისგან მოგვრილი თავბრუსხვევაც დაუტოვა მსმენელს.

29 ივლისს Lisi Wonderland-ში მუსიკალური ფესტივალი Bedford Falls-მა გახსნა, მთავარ სცენაზე გამოჩნდნენ რუსული Motorama, ბრიტანული Morcheeba და ფრანგული AIR.

მსმენელის მიმართ საკმაოდ გახსნილი იყო Morcheeba-ს სოლისტი სკაი ედვარდსი, სიმღერებს შორის ინტერვალში მან მელომანებს ისიც კი გაუმხილა, რომ მის მიერ შექმნილი კაბით წარსდგა მათ წინაშე.

დღის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი ალბათ მაინც Air იყო. ბენდმა თავისი გამოსვლა The Virgin Suicide-ს საუნდტრეკით გახსნა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას თითქმის ერთი საათის განმავლობაში ავსებდა ფსიქოდელიური პოპის ჰანგები.

დღის ბოლოს, მეორე დღისთვის გადაიდო ქართული ბენდის Kung Fu Junkie-ს კონცერტი. მოგვიანებით 3-მა ქართულმა ბენდმა, მათ შორის KFJ-მ, ფესტივალზე გამოსვლა გადაიფიქრა.

30 ივლისს, ლაინაფში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, ღია სივრცეში გამართულ ფესტივალზე შეკრებილები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ, დღის მთავარი ჰედლაინერები Steve Vai, UNKLE და Moodyman იყვნენ.

ფესტივალის დასკვნით დღეს მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მოაწყდა Lisi Wonderland-ს. 

Blue Foundation-ის დრიმპოპმა 1 საათის განმავლობაში მონუსხა მსმენელი, მათ შესრულებას განსაკუთრებული ეფექტი ლაით-შოუმაც შეჰმატა.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი, ირლანდიელი მომღერალი, Damien Rice, მსმენელის წინაშე მისთვის დამახასიათებელი მოკრძალებული სტილით წარსდგა, თუმცა რამდენიმე სიმღერის შემდეგ ის რაც მთავარ სცენაზე ხდებოდა, სიტყვებისთვის უბრალოდ რთული აღსაწერია.

ემოციების მომგვრელი იყო The Greatest Bastard, მისი 2014 წლის ალბომიდან, რომლის შესრულების შემდეგ, დემიენმა აღნიშნა, რომ ის მისი საყვარელი სიმღერა იყო.

ყველასთვის დაუვიწყარი იქნებოდა I remember-ის საოცარი იმპროვიზაცია, რომელმაც თითქმის 7 წუთი გასტანა. სცენიდან გასული დემიენი ბედნიერებისგან გაბრუებული მსმენელთან დაბრუნდა და Blowing Daughter შეასრულა.

მთავარ სცენაზე ინგლისელი Tricky გამოვიდა და 1 საათზე მეტხანს ზრუნავდა ფესტივალის დასასრულს მაქსიმალური ენერგეტიკის დასატოვებლად. Lisi Wonderland-ში Georgia The Beautiful-ის იმპროვიზირებული ვერსიაც გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი Lisi Wonderland-ში წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზებული იყო კვების ობიექტები და კარვების ქალაქი.

ფესტივალს მუსიკით გათავისუფლებული მსმენელთა დიდი ნაწილი დადებითი ემოციებით დამუხტული ტოვებდა, სხვანაირად ალბათ შეუძლებელიც იყო.

წარმატებები Tbilisi Open Air 2017-ს.