უცნობმა პირმა თინეიჯერის და მისი შშმ დედის დასახმარებლად $103 ათასი მოიზიდა

ჩანსი ბლექი / ABC News

მემფისელმა თინეიჯერმა უცხო ადამიანს სთხოვა მისთვის და დედამისისთვის საკვები ეყიდა, სანაცვლოდ კი პროდუქტების მანქანამდე მიტანაში დახმარება შესთავაზა.

ორ კვირაში ამ უცნობმა 103 ათასი დოლარის შეგროვება შეძლო თინეიჯერისა და მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის დასახმარებლად. დღეს კი უცნობმა, მეტ უაითმა ABC News-ს უთხრა, რომ შეგროვებული თანხით თინეიჯერი ჩანსი ბლექი და დედამისი ახალ სახლში გადავლენ.

„ჩანსი მოდის და უბრალოდ ცდილობს ადამიანების მოწყალება მიიღოს და მისთვის და მისი დედისთვის საკვები მოიპოვოს. როცა შევხედე და დავინახე რას აკეთებდა, რას ითხოვდა, ვუთხარი, რომ ჩემი გმირი იყო“ - ამბობს უაითი.

უაითმა შექმნა გვერდი GoFundMe-ზე, სადაც თინეიჯერი ბიჭისა და მისი დედის ისტორიას წერდა. ორ კვირაში ბიჭის დასახმარებლად გვერდმა 103,000 დოლარი მოიზიდა.

„ჩანსი მემფისში თავის შშმ დედასთან ერთად ცხოვრობს“, - წერს უაითი საიტზე. „ის ძალიან კარგი სტუდენტია და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რომ თავი დაიმკვიდროს, თუმცა ფულის გარეშე და ძალიან ცოტა რესურსით. მას უნდა, რომ იმუშავოს და დაეხმაროს დედამისს ფინანსურად“.

„ჩანსი სამხრეთ მემფისში ცხოვრობს, აქ კი ავტობუსით ჩამოვიდა იმის იმედით, რომ ვინმე საკვებს უყიდდა“ - ამბობს უაითი.

მისი თქმით, ჩანსიმ პირველად დონატები ითხოვა, მაგრამ უაითმა იცოდა, რომ ბიჭუნას ამაზე მეტი სჭირდებოდა, „ცოტა გავისეირნეთ, თავისი ამბავი მიამბო და შემდეგ მისთვის და მისი დედისთვის 1 კვირის სამყოფი პროდუქტები შევიძინეთ“.

„სახლში მანქანით მივიყვანე, ვნახე რა პირობებში ცხოვრობდნენ ისინი და რამდენს ნიშნავდა მათთვის პროდუქტები. შემდეგ სახლში წავედი და ფეისბუკზე დავპოსტე“.

პოსტს ფეისბუკზე 10 000-ზე მეტი მოწონება აქვს.

უაითის თქმით მან უბრალოდ მეგობრებს გაუზიარა ამბავი და არც წარმოედგინა, რომ ისტორია ასე გავრცელდებოდა.

უაითი ამბობს, რომ ძალიან შთაგონებულია და სხვებსაც მოუწოდებს: „მოძებნეთ ჩანსი, მოძებნეთ ისინი და მათი ისტორიები“.

ჩანსი ბლექმა ABC News-ს უთხრა, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა და ბიზნესმენობას აპირებს.

ახლა ჩანსი მეათე კლასშია და ზაფხულის არდადეგებზე გაზონის კრეჭის ბიზნესის ამუშავებას აპირებს, რომ საკუთარ თავს და დედას დაეხმაროს.