ჯეი ჯეი იოჰანსონის ჯადოსნური საღამო თბილისში

ჯეი-ჯეი იოჰანსონმა თბილისს საოცარი მუსიკალური საღამო აჩუქა. 4 ივნისს, თბილისის ივენთ ჰოლში მისული შვედი მომღერლის მსმენელები მოუთმენლად ელოდნენ საყვარელ მუსიკოსს და მის ცოცხალ შესრულებას.

იოჰანსონის ვიზიტი პროექტ მუზამეს ფარგლებში მოხდა. ეს მათი მეორე ივენთია, 2 მარტს საქართველოს ავსტრიელი მუსიკოსი ანია პლაშგი (Soap&Skin) ეწვია.

"ძალიან მიყვარს და მომწონს მისი მელანქოლიური ჰანგები, Dream House-ს ზოგადად ძალიან მიზიდავს. ჩემი საყვარელი სიმღერაა Belive In Us, რომელსაც ველოდები, რომ იმღერებს. მუზამე ჩემი საყვარელი პროექტია და ველოდები რომ კიდევ ესეთ ექსპერიმენტალურ შემსრულებლებს ჩამოიყვანენ" - უთხრა კარგი ამბების სააგენტოს ანა ჭიღვარიამ.

ჯეი ჯეი იოჰანსონის ფანები საყვარელი მომღერლის მოლოდინში

"ველოდები რომ იმღერებს ჩემს საყვარელ სიმღერებს So Tell The Girls That I Am Back In Town-ს, She Doesn't Live Here Anymore-ს, Believe in Us-ს და Tell Me When the Party's Over-ს. მუზამეს პროექტის გულშემატკივარი ვარ, ვიყავი მათ პირველ კონცერტზე, როდესაც Soap & Skin ჰყავდათ ჩამოყვანილი და ძალიან კარგი იყო. დარწმუნებული ვარ რომ ეს საღამოც ძალიან კარგი იქნება" - გვითხრა ნინო კიკნაძემ.

იოჰანსონმა სცენაზე გამოსვლისას პირველი I Love Him So შეასრულა, რომელიც მისი 2015 წლის ალბომიდან Opium-დან არის. თავის მეექვსე სიმღერის NDE-ის შესრულებამდე, რომელიც ასევე მისი ბოლო ალბომიდანაა, ჯეი-ჯეიმ მსმენელს მიმართა:

"ძალიან გვიხარია, რომ პირველად ჩვენი კარიერის მანძილზე საქართველოს ვეწვიეთ. დიდი მადლობა რომ საბოლოოდ მოგვიწვიეთ"

მომღერლის ხმას აკომპანიმენტს უწევდა პიანისტი ერიკ ჯანსონი.

თბილისის ივენთჰოლში შეკრებილი შვედი მუსიკოსის მსმენელნი მისი ჯადოსნური შესრულების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდნენ. ჯეი ჯეი იოჰანსონი კონცერტის შემდეგ დარბაზში ჩამოვიდა და გულშემატკივრებს ავტოგრაფი აჩუქა.

"ჯეი-ჯეი იოჰანსონს ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც ვუსმენ, 4-5 წელი სავარაუდოდ. არც იმ ჟანრის მუსიკას ქმნის, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს, არც მეგაშოუებს მართავს, მაგრამ აკეთებს უდავოდ გამორჩეულ მუსიკას, აქვს ხმა, რომელსაც ათასობით ხმაში გამოარჩევ, წერს ტექსტებს, რომელიც შეუძლებელია არ შეგეხოს და შენი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც არ იყოს ძალიან ახლობელი. სულ მაინტერესებს, რატომ და როგორ შეუძლია ასეთი გულშიჩამწვდომი ლირიკების წერა.

კონცერტი იყო იდეალურად ორგანიზებული, ხმა, განათება, ყველაფერი იყო იმისთვის, რომ დარბაზში თავმოყრილ ხალხს ჩვენი საყვარელი არტისტის შემოქმედებით გვესიამოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯეი-ჯეი პირველად იყო თბილისში, ძირითადად ჰიტები დაუკრა, რაც ძალიან კარგი და მოსალოდნელი იყო. აი, მეორედ თუ ჩამოვა, მერე იმედია ბოლო სიმღერებსაც შეასრულებს" - უთხრა კარგი ამბების სააგენტოს ჯეი-ჯეი იოჰანსონის მსმენელმა ნინო ნადიბაიძემ.

ჯეი-ჯეი იოჰანსონმა სცენაზე თავისი 10 ალბომიდან შეასრულა სიმღერები, მათ შორის იყო So Tell The Girls I Am Back In Town, On The Radio, She Doesn't Live Here Anymore, I Don't Know Much About Loving, NDE, Rush, Escape, Dilemma, It Hurts Me So, I love him so, Believe In Us, Far Away და ა.შ. ამჯერად მომღერალი თავის მე-11 ალბომზე მუშაობს.

როგორც ჯეი-ჯეი იოჰანსონმა კარგი ამბების სააგენტოს უთხრა, ის მოხიბლულია ქართველი მსმენელის დახვედრით და კიდევ ეწვევა საქართველოს.

ფოტოები: თამარა ღამბაშიძე / Goodnews.on.ge.