სინათლის წელიწადის ახალ ალბომს უცხოელი მიმომხილველი ეხმაურება

პროგრესული და სიმფონიური ჟანრის ქართული როკჯგუფი სინათლის წელიწადი ახალი ალბომის გამოშვების შემდეგ უცხოური მედიის ინტერესის არეალში მოექცა.

Steps To Life იშვიათი ქართული კონცეპტუალური ალბომია პროგრესულ როკში.

ჯგუფის შესახებ სტატიას ამზადებს ინგლისური ჟურნალი Firework, ალბომის მიმოხილვა კი უკვე გამოქვეყნდა PowerOfProg-ში:

"მსოფლიოს იმ კუთხიდან სადაც ბევრი დაძაბულობა და არეულობაა იმედისმომცემი სინათლის შუქურა გამოჩნდა. ბენდი სახელწოდებით "სინათლის წელიწადი" შავ და კასპიის ზღვებს შუა მდებარე საქართველოდანაა. უდავოა რომ რეგიონში დაძაბულობის მიუხედავად, პროგრესულ როკს საქართველოშიც გააჩნია საცეცები".

სტატიის ავტორი სინათლის წელიწადის ახალ ალბომს Steps To Life იმ შედევრებს ადარებს, რომლებიც ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ თითქოს არსაიდან ჩნდებიან: 

"სინათლის წელიწადის შემოქმედება არის ჯგუფების -  Enchant-ისა და Transatlantic-ის მუსიკის გადაკვეთა Pain of Salvation და Porcupine Tree-სთან. ჯგუფი საკმაოდ თანამედროვე ელემენტებს აერთიანებს ვინტაჟურ ჰარდ როკ/მძიმე მეტალთან, რაც გაზავებულია ადრინდელ პროგრესულ როკ/მეტალში. ჯგუფს ასევე აქვს ახლო აღმოსავლურ, აზიური მუსიკის გავლენა დასავლური power prog როკ/მეტალ ელემენტებით".

ალბომის კომპოზიციების გარჩევისას ავტორი ასევე საუბრობს ისეთი ცნობილი ბენდებისა და მუსიკოსების გავლენებზე როგორებიცაა  Liquid Tension Experiment, Peter Gabriel, Spock’s Beard, Gordian Knot, Planet X, Yes, Pink Floyd, Marillion, Miles Davis, King Crimson. 

სტატიის ბოლოსკენ ავტორი ამბობს რომ “სინათლის წელიწადმა “Steps To Life”-ის სახით განაცხადი გააკეთა, სადაც ბენდმა ცოტათი ძველი და ახლებური საუნდი ერთმანეთს შეუხამა და მიიღო რა საკუთარი უნიკალური ჟღერადობა, იპოვა ასევე ოქროს შუალედი დასავლურ და აღმოსავლურ სტილს შორის, ეს ყველაფერი კი ძალიან ხარისხიანად ასახა პროგრესულ როკ მუსიკაში“.

ალბომი უკვე Amazon-ზე იყიდება. ბენდი თავის მსმენელთან ხშირად მართავს მუსიკალური შეხვედრებს. 31 მაისს სინათლის წელიწადი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში კონცერტს გამართავს.