აუტიზმის საერთაშორისო დღეს ფილარმონიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

2 აპრილს საქართველო უკვე მეორედ აღნიშნავს აუტიზმის საერთაშორისო დღეს. ამჯერად თბილისის მერია, კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს. მასში მონაწილეობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და  ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ. კონცერტს ორგანიზებას ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლები უწევენ. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ბავშვთა მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის განვითარებას. 

აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს ქვეყნის სიმბოლოების ღია ლურჯ ფერად განათებით.  მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის განცხადებით, საქართველო უერთდება ამ აქციას და კონცერტის დროს ფილარმონიის გარე ფასადი განათდება. ფოიეში გამოიფინება ნახატები, რომლებიც მხატვართა ჯგუფებმა კლინიკის ბავშვებთან ერთად დახატეს. ასევე მომზადდა 8 წუთიანი ფილმი კლინიკის ბავშვების, მშობლების და მენეჯმენტის მონაწილეობით, რომლის პრეზენტაცია კონცერტის მსვლელობისას გაიმართება. 

"იგეგმება აუტიზმის, დაუნის სინდრომის და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების მშობლების მიერ მოთხრობილი მათი შვილების ცხოვრების ისტორიების კრებულის გამოშვებაც, რომელსაც ახორციელებს გამომცემლობა „არტანუჯი“. აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია /გამოფენა განხორციელდება ასევე კონცერტის საღამოს ფილარმონიის ფოიეში." - აცხადებს მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. 

"გაეროს" ინიციატივით ყოველ წელს, 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. აუტიზმი განვითარების შეფერხებაა, რომელიც ადამიანს სოციალური ურთიერთობების და კომუნიკაციის გარკვეულ პრობლემას უქმნის. აუტიზმი გვხვდება ნებისმიერი რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმის დიაგნოზი. აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამის შესახებ და არ მოახდინოს მათი დისკრედიტაცია.