თბილისის ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატება

მაისის ბოლოდან ყოველ კვირას თბილისის ზოოპარკი ცხოველების მიღებას დაიწყებს. ზოოპარკს 100-ზე მეტი ცხოველი შეემატება, მათ შორის პინგვინები, ემუები, გნუები, კენგურუები, ფაფრიანი ცხვრები და ა.შ. ამის შესახებ დღეს, 4 მაისს ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა:

„იქნებიან ის ცხოველებიც, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არასდროს ყოფილან. მაგალითად, დეგუ, ასევე ანტილოპა გნუ, იერუსალიმის ზოოპარკიდან მაიმუნის ორი სახეობა ჩამოვა, ჩამოვლენ კენგურუები, ხალებიანი ირმები“.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, ცხოველები თვითმფრინავით პირდაპირ თბილისში ჩამოვლენ:

„გემით ტრანსპორტირება უფრო იაფი იქნებოდა, თუმცა ვინც ეს თანხები მოაგროვა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ცხოველები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსულიყვნენ თბილისში“.

ზურაბ გურიელიძის თქმით, თვითმფრინავით მგზავრობა ცხოველებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება და პირველად ის ცხოველები ჩამოვლენ, რომელთა ჩამოსვლისთვის საჭირო საბუთებსაც ქვეყნები მოაგვარებენ:

„ეს ცხოველები და მათი ტრანსპორტირება ჩვენთვის საჩუქარია. მაგალითად პინგვინებს ბრისტოლის მერია აფინანსებს. ევროპის ზოოპარკებმა შეასრულეს ყველაფერი, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან ველოდით, 13 ივნისიდან მოყოლებული, მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდით“.

ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, რომ პროცესების დროში გაჭიანურება ვოლიერების არქონამაც განაპირობა:

„ჩვენ ეს ყველაფერი აღვადგინეთ. ცხოველები კარგად არიან, რაც გადარჩა მათთვის ყველანაირი პრობლემები დამთავრდა“.

თბილისის ზოოპარკმა წყალდიდობის შემდეგ ცხოველები პირველად მარტში მიიღო.