დისნეის ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ აშშ-ს მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია.

დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს.

20-21 აპრილს ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესის კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური წერს, Disney, Paramount Pictures, NBC universal, Universal pictures, Warner Brothers, HBO და Fox-ის წარმომადგენლები ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

უწყების ცნობით, 21 აპრილს, დისნეიმ უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები, კონკრეტულად კი Marvel Entertainment, LLC და ABC Television Group-ის მფლობელები დაესწრნენ. მათ მოისმინეს კომპონენტით გათვალისწინებული პირობები და გაეცნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს. ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით Motion Picture Association-ის მიერ იყო ორგანიზებული.