წინასწარი მონაცემებით ნიკა გაჩეჩილაძე GIST-ის კონკურსში პირველ ადგილზეა

ქართველი სტუდენტის იდეა Global Innovation through Science and Technology-ს ფინალისთვის შესარჩევ კონკურსში წინასწარი მონაცემებით პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ნიკამ კარგი ამბების სააგენტოს უთხრა:

"როგორც ორგანიზატორებმა მითხრეს, 18 აპრილის მონაცემებით ინდივიდუალურ ხმებში MotionX პირველ ადგილზეა".

ნიკოლოზ გაჩეჩილაძის იდეა Motion X ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსის GIST-ის ნახევარფინალშია. ის იმ ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ცოდნის გადაცემის დახვეწას და ლოკალურ დონეზე მორგებას შეუწყობს ხელს განვითარებად რეგიონებში.

კონკურსის შემდეგი ეტაპი ფინალია. ფინალისტები კი საზოგადოების მიერ მიცემული ხმების რაოდენობით გამოვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი 1 აპრილს საიტზე GIST Network დაიწყო.

აღნიშნულ ბმულზე მარტივად დარეგისტრირების შემდეგ, სხვა კონკურსანტებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ Nikoloz Gachechiladze და მის იდეას MotionX-ს მხარი დაუჭიროთ.

ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 24 საათში ერთხელ.

ნახევარფინალისტების ხმის მიცემის პროცესი პირველ მაისს სრულდება. ფინალში სულ 30 კონკურსანტის იდეა გავა. ფინალისტები 23 ივნისს კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გამართულ Global Entrepreneurship სამიტზე შეიკრიბებიან, გაივლიან მენტორინგს და აუდიტორიას საკუთარ იდეებს წარუდგენენ. პრეზენტაციებზე მონაწილეები ერთმანეთს უკვე საკუთარი იდეების და სტარტაპების დაფინანსების მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

MotionX-ისა და კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.