აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტის პორტრეტს $20-იან კუპიურაზე ჰარიეტ ტაბმენი ჩაანაცვლებს

აშშ-ს სახაზინო მდივანმა ჯეიკობ ლიუმ, 20 აპრილს ამერიკული დოლარის ისტორიული ცვლილების შესახებ განაცხადა.

New York Times-ის ცნობით, ახალ 20 დოლარიან კუპიურაზე მონობის წინააღმდეგ და თანასწორობისათვის მებრძოლი აფროამერიკელი ქალი ჰარიეტ ტაბმენი იქნება გამოსახული. იგი აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის პორტრეტს შეცვლის.

ჯეიკობ ლიუს განცხადებით, 10 და 5 დოლარიანებს უკანა მხარეს ქალთა და სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი ლიდერების პორტრეტები დაემატებათ, ხოლო 10 დოლარიანზე ალექსანდრე ჰამილტონისა და 5 დოლარიანზე აბრაამ ლინკოლნის პორტრეტები, ისევ წინა მხარეს დარჩება.

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკულ ქაღალდის ფულზე ქალის პორტრეტი არ დაბეჭდილა. უკანასკნელი ქალი, რომელიც ამერიკულ ბანკნოტზე იყო გამოსახული, მართა ვაშინგტონია. ის  ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე და ქვეყნის პირველი "პირველი ლედი" იყო.