სილამაზის პირველი კამპანია, რომლის სახეც დაუნის სინდრომის მქონე ქალი გახდა

თმის მოვლის ხაზმა Beauty & Pin-ups-მა სილამაზის სახედ 32 წლის დაუნის სინდრომის მქონე კეიტ მიდი აირჩია. ის გახდა ბრენდის სახე და ჩაერთო კამპანიაში, სახელწოდებით fearless (უშიშარი).

კეიტ მიდი აიოვას შტატის ქალაქ დე-მოინში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. მისი თქმით, კამპანიაში ჩართვის შემდეგ თავს საუცხოოდ გრძნობს:

"ჩემს თავს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის რაღაც კარგის გაკეთება შევძელი".

Beauty & Pin-ups-ის ხელმძღვანელი კენი ქეჰნი ამბობს, რომ მათი კამპანია ქალების გაძლიერებასა და გამხნევებას ისახავს მიზნად:

"მე და კეიტი ვმეგობრობდით. ერთ-ერთ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მარტივი უნდა ყოფილიყო სილამაზის კამპანია - ის უნდა გამხდარიყო ჩვენი ბრენდის წარმომადგენელი და პროდუქტის სახე".

კეიტის დედის ბეკის თქმით, მისი შვილი ყოველთვის კონტაქტური, მეგობრული და თავდაჯერებული პიროვნება იყო:

"ალბათ სწორედ ამიტომ შეირჩა ის და არა ვინმე სხვა "უშიშარის" კამპანიაში".

სილამაზის კამპანია, რომელიც დაზიანებული თმის გაჯანსაღებას ეხება, პირველია, რომლის სახეც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი გახდა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ნახევარი მილიონ ადამიანს აქვს დაუნის სინდრომი. კეიტი თვლის, რომ ეს საუკეთესო ეპოქაა იმისთვის, რომ მათ საკუთარი თავი წარადგინონ საზოგადოების წინაშე.