თბილისში Moxy-ს სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე Moxy-ს სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელიც ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. Moxy-ს საქართველოში შემოსვლის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში გახდა.

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება და იქ თანამედროვე სტანდარტების 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსის“ გარდა საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სივრცეები განთავსდება.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო:

„მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. „მარიოტის“ ბრენდის ახალი ქვებრენდის, „მოქსის“ სასტუმროს მშენებლობა „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ინიციატივაა და ის გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“.

ახალი სასტუმროს მშენებლობაში 25 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული. Moxy-ს სასტუმრო განთავსებული იქნება უბანში, სადაც პროექტი „ახალი ტფილისი” ხორციელდება. ამ ინვესტიციას GMT Group აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან“ ერთად ახორციელებს.