შშმ ბიჭი გიტარაზე ტვინის სპეციალური ჩიპის საშუალებით უკრავს

6 წლის წინ მიღებული კისრის ტრავმის გამო 24 წლის იან ბუქარტი პარალიზებულია, თუმცა მას შემდეგ, რაც მას ტვინის სპეციალური იმპლანტი ჩაუდგეს, გიტარაზე დაკვრა ტვინიდან კუნთებამდე მიწოდებული სიგნალების მეშვეობით შეუძლია.

პროცედურა, რომელიც 2 წლის წინ იანს ჩაუტარდა, მსოფლიოში პირველია.

ბუქარტმა კისერი 6 წლის წინ, ყვინთვის დროს მოიტეხა, რის შედეგადაც მოძრაობა შეეზღუდა. მოგვიანებით ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მისი ტვინის სურათები შეისწავლეს და იანს თავისი ხელის მოძრაობების ასლის ვიდეოში გაკეთება სთხოვეს. ამის შემდეგ იანს ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს, სპეციალური ჩიპი ჩაუდგეს.

ჩიპის მუშაობის პრინციპი შემდეგია: ის ააშკარავებს ელექტრონულ აქტივობებს, რომლებიც მაშინ წარმოიქმნებიან, როდესაც ბუქარტი ხელის მოძრაობაზე ფიქრობს, შეტყობინებას კაბელის მეშვეობით აგზავნის, კაბელი კი კომპიუტერშია შეერთებული. შემდეგ მანქანური სწავლების ალგორითმები განსაზღვრავენ, ხელის რომელი მოძრაობა წარმოიდგინა იანმა და მას იმ ელექტროდულ სახელოში აგზავნიან, რომელიც ბუქარტს ხელზე აქვს შემოხვეული.

სპეციალურ სახელოში 130 ელექტროდია ჩასმული, რომლებიც კუნთებში ელექტრულ სტიმულაციას უზრუნველყოფენ.

სისტემა იანს  საშუალებას აძლევს ხელი 6 მიმართულებით გამოძრავოს. მას შესაძლებლობა აქვს ხელი ჩასჭიდოს დიდ ნივთებს და გადააადგილოს ისინი, გადააქციოს ჭიქიდან წყალი, დაუკრას გიტარაზე და გამოიყენოს საკრედიტო ბარათი.

“ხელის გაშლა და დაკეცვა ძალიან მარტივი რამაა, თუმცა ეს შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში არ მქონია”, - ამბობს ბუქარტი.

ადამიანის ტვინის ირგვლივ კვლევა განვითარების პროცესშია. მეცნიერების ერთ-ერთი მიგნების შედეგად, 28 წლის ადამიანმა, რომელიც პროთეზს იყენებდა, პირველად შეიგრძნო ფიზიკური შეხება ათი წლის განმავლობაში. იტალიელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა თითის ხელოვნური დაბოლოება გამოიგონეს, რომელმაც ამპუტირებული თითების მქონე ადამიანებს უხეში და გლუვი ზედაპირის განსხვავების შესაძლებლობა მისცა. კომპანია BrainGate-მა კი სპეციალური ჩიპი გამოიგონა, რომელიც ტვინშია ჩადგმული და რობოტული მკლავის მოძრაობას უზრუნველყოფს.