საბერძნეთის ერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა იწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის დანერგვა იგეგმება. გადაწყვეტილება 14 აპრილს საბერძნეთის განათლების სამინისტრომ მიიღო.

პროექტის საწყის ეტაპზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. სკოლაში ქართველი მოსწავლეებიც იღებენ განათლებას.

"ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად" - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.