9 აპრილს სტუდენტებმა ოკუპაციის ხაზთან მანათობელი ფრანები გაუშვეს

ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი.

9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.

სტუდენტები ადგილზე საქართველოს დროშებით მივიდნენ და მანათობელი ფრანები გაუშვეს. ფრანებზე, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების თავზე დაფრინავდნენ, ერთიანი საქართველოს რუკა და დროშა იყო გამოსახული.

9 აპრილი ქართველებისთვის და საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. ის ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს: 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

1989 წლის აპრილში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათი ათასობით ქართველი მთავრობის სახლის წინ დამოუკიდებლობას და რუსეთისგან გამოყოფას ითხოვდა. აქციის მონაწილეები რამდენიმე აფხაზი სეპარატისტების დასჯასაც ითხოვდნენ, რომლებიც საქართველოს ერთიანობას საფრთხეს უქმნიდნენ. საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია, 1989 წელს დაიღუპა 21 ქართველი, ასობით კი მოიწამლა და დაიჭრა.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ერთ კითხვას უსვამდა: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?"

რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98% კი ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობას ირჩევდა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებიც.

ამავე წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ დაღუპული პატრიოტების საპატივსაცემოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.