რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს ეწვევა

კავკასიური ტურნეს ფარგლებში პაპი ფრანცისკე საქართველოს ეწვევა. ვატიკანის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომის პაპმა საქართველოს პატრიარქის ილია ll-ს მიწვევა მიიღო და 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე აზერბაიჯანთან ერთად საქართველოსაც ეწვევა. 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომის პაპის ვიზიტი სექტემბერშია დაგეგმილი.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის თქმით, რომის პაპი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა მოიწვია, 2015 წელს, ვატიკანში ვიზიტისას:

"აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით".

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა სომხეთსაც ეწვევა. რომის პაპის ვიზიტი სომხეთში 2016 წლის ივნისშია დაგეგმილი.