თბილისის ზოოპარკმა Facebook-ის ოფიციალური გვერდი დაიბრუნა

თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდი მისმა ადმინისტრატორებმა დაიბრუნეს. ინფორმაცია კარგი ამბების სააგენტოს ზოოპარკის პიარმენეჯერმა მზია შარაშიძემაც დაუდასტურა.

ზოოპარკმა საზოგადოებას კარგი ამბავიც ამცნო:

"მიეგებეთ - ზოოპარკში ლემურიკო გაგვიჩნდა! ეს ციცქნა ყოფილიყოს ჩვენი გვერდის ხელმეორედ დაბადების სიმბოლო".

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ფეისბუქის პირადი პროფილი გატეხეს, რის შემდეგაც მათ წვდომა მოიპოვეს ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე და მისი სხვა ადმინისტრატორები დაბლოკეს.

საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო იძიებს.