საქართველოში ხმოვანი წიგნები შეიქმნება, რომლებსაც უსინათლოები უფასოდ მიიღებენ

6 აპრილს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის ბაღში პროექტის „ხმოვანი წიგნების” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ქართული ხმოვანი წიგნების შექმნას გულისხმობს. რამდენიმე თვეში უსინათლო ადამიანები წიგნების გამომცემლობა „საბასგან” ასობით ხმოვან წიგნს მიიღებენ საჩუქრად. მათ შორის იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოურ ლიტერატურა.

„საბას” ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება სხვა მსურველებისთვისაც. მკითხველი აუდიო წიგნებს saba.com.ge-დან ჩამოტვირთავს და მათ მოსმენას ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader-ით შეძლებს.

პროექტის ფარგლებში პირველი ხმოვანი წიგნი 6 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე შეიქმნა - ესაა ღონისძიების სტუმარი პოეტების ანთოლოგია, რომელიც ადგილზე ჩაიწერა.

„საბა”  სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ ან უკვე აქვთ წიგნების აუდიო ჩანაწერები, გადაქციონ თავისი აუდიო მასალა ხმოვან წიგნებად და გახადონ ის ხელმისაწვდომი მკითხველისთვის.

„ხმოვანი წიგნები” ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდება.