იშვიათი დაავადების მქონე 12 წლის გოგონას განსაკუთრებული მეგობარი ჰყავს

თითქმის 2 მეტრის სიმაღლის და 150 კილოგრამი წონის დეივიდ დუგლასი, მეტსახელად "ბისტი", კეთილი გულით გამოირჩევა. ის თავის ძალ-ღონეს უმძიმესი გირების აწევის გარდა სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ახმარს.

დუგლასი 12 წლის ლინდსი რეტკლიფის მეგობარია და ხშირად ზრუნავს მისი განწყობის ამაღლებაზე. ლინდის იშვიათი გენეტიკური დაავადება პროგერია სჭირს, რომელიც ბავშვებში ნაადრევ დაბერებას იწვევს. 

29 წლის განსაკუთრებული დეივიდი ლინდის უმცროს დას ეძახის, რომელმაც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა:

"ლინდსის პროგერიის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუდგინეს. დაავადება მას 8-10-ჯერ უფრო სწრაფად დააბერებს, ვიდრე სხვებს. ამ დაავადებით ადამიანები 13 წლამდე ცოცხლობენ. ლინდსი 12 წლისაა. მასთან ურთიერთობისას ვერასდროს იფიქრებ, რომ ის რთულ დაავადებას ებრძვის, რადგან ის მუდამ იღიმის და ხანდახან ისეთ სარკასტულ პასუხს გაგცემს, რომ ძალიან მაგრად გაგაცინებს" - წერს დუგლასი A Plus-სთვის განკუთვნილ იმეილში.

ლინდსი და დუგლასი ერთმანეთს პირველად 2013 წელს შეხვდნენ. "მასთან ურთიერთობა ჩემთვის ცხოვრების საჩუქარია" - ამბობს დეივიდი.

დუგლასი ცდილობს, ლინდსის შესახებ ბევრმა ადამიანს მიაწვდინოს ხმა, რაც მას შესაძლოა ელენ დეჯენერისის შოუში მოხვედრაში დაეხმაროს:

"მსურს მისი იშვიათი მდგომარეობის შესახებ მსოფლიომ შეიტყოს. The Ellen Show ლინდსის საყვარელი გადაცემაა".

"ადამიანები ჩვენი დანახვისას ფიქრობენ, რომ ძლიერი ვარ. ჩვენ ორს შორის ყველაზე ძლიერი მე ნამდვილად არ ვარ" - ამბობს დუგლასი.

შემოწირულობის საიტზე FirstGiving შექმნილია გვერდი ლინდსის და მისი ოჯახის დასახმარებლად. "ჩვენ გვჭირდება დახმარება რომ შევისწავლოთ დაავადება, ეს ყველაფერი კი ლინდსის მკურნალობაში დაგვეხმარება" - წერს გოგონას დედა კეიტი რეტკლიფი კამპანიის გვერდზე.