MotionX - ქართველი სტუდენტის ინოვაციური იდეა Global Innovation through Science and Technology-ს ნახევარფინალშია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსზე Global Innovation through Science and Technology, რომელშიც 104 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ქართველი სტუდენტი ნახევარფინალისტი გახდა.

კონკურსი Global Innovation through Science and Technology მხარს უჭერს იმ ტექნოლოგიური და მეცნიერული იდეებსა და სტარტაპებს, რომლებსაც განვითარებად ქვეყნებში პოზიტიური ცვლილების მოხდენის პოტენციალი აქვთ.

წელს ნიკოლოზ გაჩეჩილაძე ამ კონკურსის ერთადერთი ქართველი ნახევარფინალისტია. მას აქვს ინოვაციური იდეა სახელად MotionX. ის იმ ტექნოლოგიის განვითარებას ეხება, რომელიც ცოდნის გადაცემის დახვეწას და ლოკალურ დონეზე მორგებას შეუწყობს ხელს განვითარებად რეგიონებში:

"ჩემი იდეა უკავშირდება ვიდეო გადაღების ავტომატიზირებას, რომელიც საშუალებას მისცემს სასწავლებელ დაწესებულებებს თავისი ლექციები/გაკვეთილები მინიმალურ ფასად გადაიტანონ ონლაინ რეჟიმში. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ამ სისტემის განვითარებად რეგიონებში შეტანა, სადაც ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაკლებობაა. შესაძლებელი გახდება ერთი დაწესებულებიდან სხვებში ონლაინ საშუალებით ხარისხიანი მასალის გავრცელება, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ კონტექსტში ინფორმაციის მორგებას და ასევე მულტილინგუალურ საზოგადოებაზე მიმართვას" - ამბობს ნიკა კარგი ამბების სააგენტოსთან საუბარში.

კონკურსის შემდეგი ეტაპი ფინალია, ფინალისტები კი საზოგადოების მიერ მიცემული ხმების რაოდენობით გამოვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი 1 აპრილს საიტზე GIST Network დაიწყო.

აღნიშნულ ბმულზე მარტივად დარეგისტრირების შემდეგ, სხვა კონკურსანტებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ Nikoloz Gachechiladze და მის იდეას MotionX-ს მხარი დაუჭიროთ.

ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 24 საათში ერთხელ.

ნახევარფინალისტების ხმის მიცემის პროცესი 1 თვე გაგრძელდება. ფინალში სულ 30 კონკურსანტის იდეა გავა. ფინალისტები 23 ივნისს კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გამართულ Global Entrepreneurship სამიტზე შეიკრიბებიან, გაივლიან მენტორინგს და აუდიტორიას საკუთარ იდეებს წარუდგენენ. პრეზენტაციებზე მონაწილეები ერთმანეთს უკვე საკუთარი იდეების და სტარტაპების დაფინანსების მოპოვებაში შეეჯიბრებიან.