wallpaper-ები, რომელიც მობილურში მუდმივ ძრომიალს გადაგაჩვევთ

მხატვარმა მოლი მაკლიოდმა შექმნა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ფონური გამოსახულებების (wallpaper) კოლექცია, რომელიც გაიძულებთ, საკუთარი ტელეფონის ყოველწამიერი გამოყენებისგან თავი შორს დაიჭიროთ. მაკლოიდმა, რომელიც პროფესიით დიზაინერია, თავდაპირველად გამოსახულებები საკუთარი ტელეფონისთვის შექმნა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ამ პატარა ხელსაწყოზე საჭიროზე მეტად იყო დამოკიდებული.

"აღმოვაჩინე, რომ როგორც კი თავისუფალი რამოდენიმე წუთი მიჩნდებოდა, მაშინვე ტელეფონში ვიწყებდი ქექვას. არ ჰქონდა მნიშვნელობა რიგში ვიდექი თუ მეტროს ვაგონში, ინსტიქტურად ხელი ჯიბისკენ მიმქონდა და ტელეფონს ვიღებდი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მომწონდა ეს შეგრძნება." - განაცხადა მოლი მაკლოიდმა.

მეცნიერები და ფილოსოფოსები აღიარებენ, რომ მოწყენილობა შესაძლოა ძალიან კარგი მოტივატორი გახდეს და ნებისმიერი ფიქრი თუ იდეა ხანდახან ყველაზე კრეატიული წამოწყების სათავე ხდება.  

"დავაფიქსირე, რომ ყველაზე კრეატიული იდეები სწორედ მაშინ მომდის, როდესაც მუდმივად ტელეფონს არ ვარ მიშტერებული" - აღნიშნა დიზაინერმა. 

მაკლიოდმა საკუთარი თავი აიძულა, რაც შეიძლება ნაკლებად გამოეყენებინა ტელეფონი. ამისთვის კი საცდელად მეტროდან სამსახურისკენ მიმავალი გზა გაიხადა ლიმიტად. მოლიმ სპეციალური თამაშიც კი გამოიგონა - სხვა მგზავრების თითების მოძრაობის მიხედვით, რომლებიც თავიანთი ტელეფონებით იყვნენ გართულნი, ცდილობდა გამოეცნო ვინ რას აკეთებდა. რომელი მგზავრი წერდა მესიჯს, რომელი სტატიას კითხულობდა და რომელი უბრალოდ "Candy Crush"-ს თამაშობდა. 

მოლი, რომელიც ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია, შეეცადა თავი შეეკავებინა იმ ყველაფრის კამერით დაფიქსირებისგან, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. "თავისთავად კარგი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანები შენს მასალას აზიარებენ, ან გიწონებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეგრძნება ტექნიკაზე დასაშვებზე მეტად დამოკიდებულს გხდის. გუშინ მაგალითად ვსეირნობდი პარკში. მართლაც შესანიშნავი ხედი იყო, მზე ჩადიოდა, ადამიანები ძაღლებს ასეირნებდნენ და კარტს თამაშობდნენ. ვიდექი და უცებ ჩემს თავს ვუთხარი: ,,მოლი, შენ ახლა ფოტოს არ გადაიღებ, უბრალოდ ადგები და ამ შესანიშნავი ხედით დატკბები!" 

მოლი მაკლიოდის მიერ შექმნილი სატელეფონო ფონების კოლექციის გადმოტვირთვა უფასოა და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.