თბილისის ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ პირველად მიიღებს ცხოველებს

ივნისის წყალდიდობის შემდეგ, თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველ ნაკადს 19-21 მარტს მიიღებს. რიგის ზოოპარკი თბილისში 7 ცხოველს გზავნის: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი.

თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი კი, ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა. ცხოველებს ბათუმში თბილისის ზოოპარკის და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების წარმომამადგენლები დახვდებიან.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა. თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელის თქმით, რიგის ზოოპარკმა ცხოველების კომფორტული ტრანპორტირებისთვის 15 ათასი ევრო გამოყო: 

"ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს".

დამთვალიერებლებს თუთიყუშების ნახვა 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების - 22 მარტიდან შეეძლებათ.

"შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან" - წერს თბილისის ზოოპარკი.