ბათუმის დელფინარიუმში მომსახურების ღირებულება ყველასთვის თანაბარი გახდა

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ბათუმის დელფინარიუმს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციაში ედავებოდა.

ორგანიზაციამ დელფინარიუმთან დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ თანამშრომელ შშმ პირს დელფინარიუმში შესვლაზე უფრო მაღალი ფასის გადახდა მოსთხოვეს, ვიდრე სხვებს.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის დელფინარიუმისგან მომსახურების ფასის გათანაბრებას ითხოვდა:

"კომპანიისგან ვითხოვთ, რომ არსებული რეგულაცია გაუქმდეს და მიიღონ არადისკრიმინაციული, თანასწორობაზე დაფუძნებული რეგულაცია, რომელიც გულისხმობს, რომ შშმ პირი ვარ თუ არა, მივიღო კონრეტული სერვისი თანაბარი ანაზღაურებით".

14 მარტს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათუმის დელფინარიუმში შესვლისას ყველა ადამიანი ერთნაირ ღირებულებას გადაიხდის.

"ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა. რაც მთავარი იყო, არის ის, რომ ფასები გათანაბრდა და შშმ პირებისთვის მაღალი გადასახადის დაწესება სასამართლომ დისკრიმინაციულ მოპყრობად შეაფასა. ბათუმის დელფინარიუმი იძულებული გახდა, შეცვალოს პოლიტიკა" - თქვა ჩვენთან საუბარში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ.