ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება

ფოტო: ეკოფაქტი.

როგორც კარგი ამბების სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ასოციაცია"მწვანე ალტერნატივას" სარჩელი, რომლის მოპასუხეებიც თბილისის მერია და თბილისის არქიტექტურის სამსახური იყო. საქმეში მესამე პირებად ჩართულნი იყვნენ შპს "გრაალი" და შპს "ტიფლის კოსტავა".

საქალაქო სასამართლომ, თბილისის მერის განკარგულება, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #68-ში სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ და თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ბათილად სცნო.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.