თბილისის ზოოპარკმა დაჭრილი ქოჩორა ვარხვები გადაარჩინა

თბილისის ზოოპარკის პოსტის მიხედვით, ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის სააგენტომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მათთან ორი დაჭრილი ქოჩორა ვარხვი მიიყვანა. ერთი მათგან ფრთასა და მუცელში იყო დაჭრილი, მეორე კი ფრთაში.

ფრინველები კოლხეთის დაბლობზე იპოვეს. თბილისის ზოოპარკის ვეტექიმებმა და ორნიტოლოგებმა მათ მკურნალობის კურსი ჩაუტარეს.

"ახლა უკვე მშვენივრად გრძნობენ თავს. პინგვინების ვოლიერში დასახლდნენ, მოყოჩაღდნენ, მოღონიერდნენ და ერთად მიუყვებიან გამოჯანმრთელებისკენ მიმავალ გზას" - წერს თბილისის ზოოპარკი პოსტში.

ჯერჯერობით უცნობია, ისევ შეძლებენ თუ არა ქოჩორა ვარხვები ფრენას, რადგან ფრთაში დაჭრილი ფრინველის ბუნებაში დაბრუნება ძალიან რთული პროცესია. ქოჩორა ვარხვები საერთაშორისო წითელ ნუსხაში არიან შეყვანილნი.