ბიჭი, რომელიც პიანინოზე თითების გარეშე უკრავს

ალექს რომანოვი თითების გარეშე დაიბადა, თუმცა  ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა მაინც შეძლო.  ახლაგაზრდა პიანისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ყველას აქვს ოცნების ახდენის შანსი. რომანოვის ვიდეო, რომელშიც ის პიანინოზე უკრავს, ინტერნეტ სენსაციად იქცა.

ალექს რომანოვი  რუსეთის ქალაქ ყაზანიდანაა. მას ორივე ხელსა და ერთ ფეხზე თითები არ აქვს. ბიჭი მშობლებმა დაბადებისთანავე გააშვილეს, ამიტომ ადგილობრივ ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა. 12 წლის ასაკში ის ერთმა ოჯახმა იშვილა და ახლაც იქ ცხოვრობს.

ალექსის თქმით, კლასიკური მუსიკა ყოველთვის ძალიან მოწონდა, შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა გადაწყვიტა. უკვე წელიწადნახევარია, რაც ამას აკეთებს და  მიაჩნია, რომ პროფესიონალი სულაც არ არის და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

“თავდაპირველად მარტივ რაღაცებს ვუკრავდი. მაგალითად, Jingle bells თუმცა, ახლა გაცილებით რთულ ნაწარმოებებს ვუკრავ“, - ამბობს რომანოვი.

15 თებერვალს Youtube-ზე განთავსებულ მის ვიდეოს კი უკვე 1348 ნახვა აქვს.

ახალგაზრდა მოყვარულ პიანისტს არაერთ კონცერტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთხელ რომანოვი მაყურებლის წინაშე ბენდ  La Primavera-სთან ერთადაც წარდგა.