იმუნური სისტემის "გადამუშავება" - კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

თერაპიამ, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას ხელახლა ამუშავებს კიბოსთან საბრძოლველად, შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. BBC-ის ცნობით, პაციენტების 90%-ში მომაკვდინებელი დაავადება რემისიის სტადიაში გადავიდა. 

BBC-ის ინფორმაციით, მკურნალობის მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ლეიკემიით დაავადებული პაციენტისგან იღებენ სისხლის თეთრ უჯრედებს, ლაბორატორიაში ცვლიან მის სტრუქტურას და შემდეგ ისევ უკან აბრუნებენ.

ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით, ექსპერიმენტის მხოლოდ პირველმა ეტაპმა ჩაიარა წარმატებით. სიეტლის კიბოს კვლევითი ცენტრის პროფესორ სტენლი რიდელის თქმით, ექსპერიმენტში მონაწილე პაციენტებმა ყველა სხვა მკურნალობის მეთოდი სცადეს და მათ 2-დან 5 თვემდე სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი. მისივე განმარტებით, პირველადი შედეგები მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტისას, ლეიკემიით დაავადებული ათობით პაციენტის ორგანიზმიდან ამოიღეს T-უჯრედები(CD4 ლიმფოციტები), ე.წ. იმუნიტეტის უჯრედები. სწორედ ეს უჯრედები წარმოადგენს ადამიანის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს და ორგანიზმში მის საკმარის რაოდენობაზეა დამოკიდებული იმუნიტეტის სიჯანსაღე. მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში იმუნური უჯრედების გენი შეცვალეს და შემდეგ ის ისევ დააბრუნეს ადამიანის ორგანიზმში. მოდიფიცირებულმა იმუნურმა უჯრედებმა ბომბის ეფექტი მოახდინა - მათ დაიწყეს სიმსივნით დაავადებული ქსოვილის განადგურება.

მიუხედავად ამისა, კიბოს მკვლევართა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ინფორმაციას ახალი სამედიცინო მიღწევის შესახებ მანამ, სანამ კვლევის სრული, საბოლოო მონაცემები არ გახდება ცნობილი. 

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეს ინოვაციური მეთოდი სიმსივნის ბოლოს სტადიის შემთხვევაში შესაძლოა ეფექტიანი იყოს, მისი გვერდითი ეფექტები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის დროს, როგორიცაა ქიმიოთერაპია, ან რადიოთერაპია.