კვლევა: უცხო ენების შესწავლა ტვინის დაბერებას აფერხებს

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მეორე ენის შესწავლა ფიქრის უნარებს ზრდის, გონების სისწრაფეს აუმჯობესებს და ტვინის დაბერებას აფერხებს. - წერს ბრიტანული გამოცემა The Independent.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში პოზიტიურად უნდა წაახალისონ მეორადი ენების შესწავლა.

როგორც გამოცემაში აღნიშნავენ, კვლევის თანახმად, ის ბავშვები და მოზრდილები, რომლებიც სწავლობენ ან საუბრობენ მეორე ენაზეც, უფრო ადვილად ითვისებენ ახალი ენიდან სიტყვებსა და გრამატიკის წესებს.

„ცოტა მშობელი თუ ესაუბრება შვილს მეორე ენაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის ეს უსარგებლო იქნება. ბევრი მიიჩნევს, რომ მეორადი ენა ბავშვებს აბნევს და სკოლაში არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს”,  - ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონელა სორასი.

მისივე თქმით, ბილინგვიზმზე (ორი ენის დაუფლება) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ერთენოვან და ორენოვან ბავშვებს შორის განსხვავება ყოველთვის ორენოვანების სასარგებლოდაა.

„როგორც წესი, ორენოვან ბავშვებს გაუმჯობესებული ენობრივი შესაძლებლობები აქვთ, უკეთ იგებენ სხვების აზრს რაიმეს შესახებ და რთულ სიტუაციებში უფრო მოქნილი გონება აქვთ“,- აღნიშნა ანტონელა სორასმა.

ბევრი ერთი და იმავე გაუმჯობესების ფაქტი  შეინიშნება იმ მოზრდილებში, რომლებიც ორ ენას ფლობენ, ან მეორე ენას სწავლობენ. პენსიონერებზე ჩატარებული კვლევით, რომლებიც კელტური ენის ინტენსიურ კურსს გადიოდნენ და დღეში ხუთ საათს სწავლობდნენ, ჩანს, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა მათი გობერივი შესაძლებლობები.

“მათ არ იცოდნენ კელტური ენიდან არცერთი სიტყვა, ამიტომ მათთან ტესტირება ჩავატარეთ ერთკვირიანი ინტესიური კურსის დაწყებამდე და მის შემდეგ.  ჩვენ შევადარეთ მათი შედეგები სხვა პენსიონერ ადამიანების აქტივობებს, რომლებიც სხვა კურსებს გადიოდნენ. ამის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ვინც ენის კურსებს გადიოდნენ, მათი გონება უკეთ მუშაობდა”,- ამბობს პროფესორი სორასი.

მისივე თქმით, სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მოხუც ხალხში დემენციის (შეძენილი ჭკუასუსტობა)  გამოვლინება 4-5 წლით გვიან ხდება იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობს. კიდევ ერთი მიგნება კი ისაა, რომ ზრდასრულ ორენოვან ხალხში არის უფრო დიდი „კოგნიტური მარაგი“, რომელიც ტვინის დაბერებას აფერხებს.

პროფესორი სორასის მოსაზრებით, მეორე ენის შესწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სავალდებულო უნდა იყოს.