ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ახალი მღვიმე აღმოაჩინეს

ჭიათურის ტელევიზიის ინფორმაციით, თსუს მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის მონაწილეებმა ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ახალი მღვიმე აღმოაჩინეს.

სამეცნიერო კვლევა ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ეკუთვნის და პროექტმა დაფინანსება 2015 წელს მოიპოვა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუს ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა მანდაეთის კარსტული მღვიმე შეისწავლა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ჭიათურის სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მანდაეთის მღვიმეს გამოსასვლელიც აქვს. მეცნიერებმა აქამდე მღვიმის მხოლოდ ჩასასვლელის შესახებ იცოდნენ, რომელსაც ზაქარიას კლდის შახტი ეწოდებოდა.

კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით  ქართველი სპელეოლოგის ზურაბ ტატაშიძის სახელი მიენიჭა, რომელიც ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენია.