სრულფასოვანი ცხოვრება ტვინის ნახევარსფეროს გარეშე

ზუსტად 20 წლის წინ, 1996 წლის 13 თებერვალს, კრისტინა სანტჰაუსს ტვინის ნახევარი ამოკვეთეს. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მან დაამთავრა კოლეჯი და უნივერსიტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი, არის პედაგოგი და ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად რანჩოზე. ამის შესახებ ინფორმაციას Philly.com ავრცელებს.

 

კრისტინა პოპულარული, კონტაქტური ბავშვი იყო,  უყვარდა სპორტი. 5 დღით ადრე, სანამ 8 წლის ასაკში ტვინის ნახევარს ამოკვეთდნენ, ის სკოლის ტალანტ შოუზე გამოდიოდა, როდესაც ეპილეფსიური კრუნჩხვები დაეწყო და იატაკზე დავარდა.

 

ექიმების თქმით, მისი კრუნჩხვები იშვიათი დაავადებით - რასმუსენის ენცეფალიით იყო გამოწვეული. მედიკოსების განმარტებით, დაავადების გამო მისი ორგანიზმი ნელნელა პარალიზებას დაიწყებდა და თუკი მას ტვინის ნახევარს არ ამოკვეთდნენ, საბოლოოდ ის მოკვდებოდა.

 

“ნუ ღელავთ, კარგად ვიქნები. დამესიზმრება, რომ ფეხბურთს ვთამაშობ”, - უთხრა მან მშობლებს 1996 წლის 13 თებერვალს, როდესაც საოპერაციო ოთახში გორგოლაჭებიანი სავარძლით შეიყვანეს. ოპერაცია 14 საათს გაგრძელდა.

 

გამოცემის ინფორმაციით, კრისტინას მშობლებს ახლაც ახსოვთ, როგორ მოკლედ უამბო ექიმმა მათ ოპერაციის შესახებ და მალევე შებრუნდა საოპერაციო ოთახში იმისთვის, რომ მორიგ ახალგაზრდა პაციენტს დახმარებოდა. როდესაც ლინიმ ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაინახა, გული წაუვიდა.

 

ოპერაციიდან 20 წლის შემდეგ კრისტინას მიღწევებმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა. 28 წლის გოგონა პატარა  რანჩოზე ცხოვრობს, რომელიც ორი წლის წინ იარდლიში თავად შეიძინა. იხსენებს, რომ ოპერაციის შემდეგ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ისევ წასულიყო წინ.

 

“არ ვაპირებდი, ტვინის ოპერაციისთვის ჩემი გაჩერების უფლება მიმეცა”, - ამბობს ის.

 

უკვე წლებია ნახევარი ტვინით, შესაბამისად, ნახევარი სხეულის გამოყენებით უწევს ცხოვრება. კრისტინას სხეულის ნახევარზე მეტი პარალიზებული აქვს. მას უკეთია კორსეტი,  ვერ იყენებს მარცხენა ხელს და ვერ ხედავს მარცხენა თვალით.