BBC-მ ფილმ ალი და ნინოს შესახებ რეპორტაჟი მოამზადა

BBC ფილმ ალი და ნინოს ისტორიით დაინტერესდა, გადაღებების შესახებ სატელევიზიო არხს რეჟისორმა ასიფ კაფადიამ უამბო.

„კავკასიის რეგიონი მიმდინარე მსოფლიო მოვლენებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ევროპა - აზიას, ისლამი - ქრისტიანობას. ეს საოცარი ადგილია. მსოფლიოში ასეთი ადგილის არსებობის შესახებ ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ჩემთვის საუცხოო გამოცდილება და გიჟური მოგზაურობა იყო უცნობ სამყაროში“ - ამბობს კაფადია BBC-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ასიფ კაფადიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ემი, მომღერალ ემი უაინჰაუზის შესახებ, რომელიც ოსკარზეა ნომინირებული, როგორც 2016 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.

ალი და ნინოს პრემიერა ამერიკაში სანდანსის ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე 27 იანვარს გაიმართა. ფილმში მთავარ როლებს ადამ ბაქრი, მარია ვალვერდე, ჰალიტ ერგენსი, ფახრადინ მანაფოვი და სხვები ასრულებენ.

წიგნი ალი და ნინო ყურბან საიდიმ დაწერა. ნოველაში აღწერილია მუსლიმი ბიჭი ალის და ქართველი პრინცესა ნინოს რომანტიკული ისტორია. შეყვარებულებმა უამრავი დაბრკოლება გადალახეს, მათ შორის განსხვავებული რელიგიური და კულტურული წარმომავლობა, თუმცა ისინი სამუდამოდ საბჭოთა რუსეთის ქვეყანაში შემოჭრამ დააშორა. ალი და ნინოს ისტორიას ეძღვნება მონუმენტი ბათუმში.