საქართველოს ისტორია არგენტინაში ესპანურ ენაზე დაიბეჭდა

საქართველოს ისტორია არგენტინაში საქართველოს საელჩოს დახმარებით ესპანურ ენაზე დაიბეჭდა. წიგნის იდეის ავტორმა გოგი გაფრინდაშვილმა, რომელიც ახლა არგენტინაში ცხოვრობს, Goodnews–ს განუცხადა, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას ლათინურ ამერიკაში.

“ფინანსური კუთხით საქართველოს საელჩო არგენტინაში დამეხმარა ამ იდეის განხორციელებაში. თარგმნეს ესპანისტებმა: ჩემმა მეუღლე ნინო ფიფიამ, რომელიც საელშოს მრჩეველია და ნინო ჭრიკიშვილმა,” - ამბობს გოგი გაფრინდაშვილი.

მისივე თქმით, წიგნი მოიცავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან 2012 წლის არჩევნებამდე. მისი რედაქტორია ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე. წიგნს თან ერთვის რუკები, რომელიც ისტორიკოსმა ნიკა ხოფერიამ მოამზადა  და ასევე ფოტომასალა.

გოგი გაფრინდაშვილის განმარტებით, საქართველოს ისტორიის წიგნი არაკომერციული მიზნით დაიბეჭდა, მხოლოდ 300 ეგზემპლარი. იგი ესპანურენოვან საელჩოებში გადანაწილდება და ასევე გადაეგზავნება უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებს. გაკეთდება წიგნის ელექტრონული ვერსიაც.