ზვიგენის გადასარჩენად მყვინთავმა ის დროებით გათიშა

მყვინთავმა მაიკლ დორნელასმა ზვიგენს “ჰიპნოზი” იმ მიზნით გაუკეთა, რომ მას სიცოცხლის შეანრჩუნებაში დახმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Good news network ავრცელებს.

მაიკლ დორნელასი მყვინთავია. ის ფლორიდის წყლებში  ჟანგბადის ბალიშის გარეშე დაცურავდა, როდესაც მოულოდნელად ზვიგენის წინ აღმოჩნდა.  საშიშ თევზს პირში ანკესი ჰქონდა შერჭობილი. მყვინთავმა  მთელი თავისი სიმამაცე და მოქნილობა მოიკრიბა, რათა მის გადასარჩენად საჭირო გზისთვის მიეგნო.

გამოცემის ცნობით, ბუნების დაცვის სამსახურს, რომელიც  ზვიგენებზე მუშაობს, არაერთხელ უნახავს, აზიანებული ანკესით მიყენებულ ჭრილობას რა შედეგის მოტანა შეუძლია  თევზისთვის. ზოგი ანკესი იჟანგება, რის შემდეგაც ზვიგენს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, დორნელასის ნაპოვნი ზვიგენის შემთხვევაში,  ანკესი უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული. სწორედ ამიტომ, ის ზვიგენის პირში გაჩხერილი შეიძლება სამუდამოდ დარჩენილიყო და შედეგად მოეკლა კიდეც თევზი.

დორნელასმა იცოდა, რომ ის უნდა დახმარებოდა თევზს, მაგრამ ზვიგენის პირის სიახლოვეს მას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. მან გადაწყვიტა თევზი გაეთიშა, რათა დრო ეხელთა მის გადასარჩენად.

მყვინთავი ზვიგენს ფრთხილად მიუახლოვდა, ნელი მოძრაობით შეძლო თავში ხელის მოკიდება, მისი ზურგზე ამოტრიალება და ამ გზით მისთვის სუნთქვის დახშობა. ამ ქმედებით დორნელასმა საშიში თევზი “უძრავ მდგომარეობაში” ჩააგდო . ესაა ერთგვარი დროებითი უმოქმედობა, დაახლოებით ისეთი,  რასაც ადამიანის შემთხვევაში ჰიპნოზური ტრანსი ეწოდება.

როდესაც მყვინთავმა ზვიგენი დაიმორჩილა, მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა მისი პირიდან ანჯესის ამოსაღებად, რაც უპრობლემოდ შეძლო. რამდენიმე წუთში გამოფხიზლებულმა ზვიგენმა შეუფერხებლად გაცურა.