დემნა გვასალია VETEMENTS-ის გეგმებზე საუბრობს

The Business of Fashion დიზაინერ დემნა გვასალიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ამჟამად ორი ევროპული მოდის სახლის, Balenciaga-ს და VETEMENTS-ის, ხელმძღვანელია.

"მოდის სახლი VETEMENTS, მთავარი დიზაინერის დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით, კრეატიულ პროვოკაციებს გვპირდება. 2016 წელს დემნა და მისი ძმა გურამ გვასალია სრულიად განსხვავებული სახის დიზაინის პროდუქციას გეგმავენ" წერს The Business of Fashion.

ამჟამინდელ მოდის სიტემას დემნა გვასალია მოძველებულს უწოდებს. "ეს (მოდის) წრე ძალიან სწრაფად ბრუნავს და ამით კლავს საკუთარ შემოქმედებით ბუნებას და ასევე ბიზნესს. უამრავი მოდის სახლი ახალი ჩანთების და პარფიუმის წარმოებით ახერხებს გადარჩენას" - ამბობს დიზაინერი.

VETEMENTS-ის ახალი გზით განვითარების გზაზე საუბრისას, დემნა გვასალია აღნიშნავს, რომ წელს მხოლოდ 2 კოლექციის შექმნას გეგმავს. "არ გვსურს საკუთარი თავი აუცილებელი კოლექციების შექმნით დავავალდებულოთ" - ამბობს ის.

"VETEMENTS-ის ახალ კოლექციას სეზონის დადგომამდე არ გავასაჯაროებთ, რადგან არ მივყვებით ready-to-wear კონცეფციას. ჩვენს მთავარ ქმნილებებს ივნისში და იანვარში წარვუდგენთ საზოგადოებას, მანამდე კი მარტში სეზონის ტანისამოსის ჩვენებას მოვაწყობთ, გვექნება მამაკაცის კოლექციაც, რადგან VETEMENTS-ის პროდუქციაზე მოთხოვნას ყველა მხრიდან ვიღებთ".

2015 წლის ოქტომბერში დემნა გვასალია Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა. "ერთ მოდის სახლში 2 დღე-ნახევარს ვატარებ. ჩემთვის ძალიან კომფორტულია ეს გრაფიკი, რადგან პარიზში ჩემი სამოდელო სახლები 25 წუთის დაშორებითაა, ეს ჩემი კარიერის გიჟური, მაგრამ დაუვიწყარი დღეებია".