2016 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება

ფოტო: Georgia Travel.

დღეს, 8 თებერვალს, 15:00-ზე გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულ კომპანიად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოავლინა. ეს კონსორციუმი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანიის Conti International-ის ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, პორტის ნაწილის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ხოლო გარემოს დაცვითი დასკვნის შემდეგ, მშენებლობა სრული მასშტაბით 2017 წელს გაგრძელდება.

ტენდერი დაახლოებით 2 წლის წინ გამოცხადდა, კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა და მასში 10 კომპანია მონაწილეობდა.