Google კომუნალურ საცხოვრებლებს უფასო, სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს

კომპანია Google გასული ზაფხულის დანაპირებს ასრულებს და აშშ-ში დაბალშემოსავლიანი ოჯახების უფასო, სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას იწყებს. პირველ ეტაპზე სამუშაოები კანზას სიტის 100 კომუნალურ სახლში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას  fortune.com ავრცელებს.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლებსა და კომუნალურ სახლებს ინტერნეტის სერვისით უზრუნველყოფაში დაეხმარებოდა. ინტერნეტის გარდა, ასევე უფასო იქნება შესაბამისი მოწყობილობების ინსტალაცია.

“აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ინტერნეტ მომსახურება აქვს მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მაღალი ფასი შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ ბარიერს ინტერნეტში ჩასართავად”, - აცხადებს Google Fiber-ის ვიცე პრეზიდენტი დენის კიში.

Google-ის შეთავაზება ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული იმ ინიციატივის ნაწილია, რომელსაც “დააკავშირე სახლები” ჰქვია.   პროექტი 275 000 იაფფასიანი საცხოვრებელი  სახლის  უფასო, სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, პირველი დასრულებული პროექტის შესახებ Google-მა ახლახან განაცხადა. კომპანიის წარმომადგენლობამ კანზას სიტის ადგილობრივი თვითმმართველობასთან  ერთად უკვე შეარჩია ის 100 საცხოვრებელი სახლი, სადაც სამუშაოები სულ მალე დაიწყება.

Google განცხადებით, ის გააგრძელებს პროექტის ფარგლებში მუშაობას იმ მიზნით, რომ კანზასის თითოეულ ასეთ კომუნალურ საცხოვრებელ სახლს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს. კომპანიაში ასევე განმარტეს,  რომ უფასო სწრაფი ინტერნეტით Google-ის ბოჭკოვანი ქსელის  დაფარვის ზონაში არსებულ ყველა სახლის უზრუნველყოფას  აპირებენ.