პარიზში ელექტრო მოპედების გაქირავების სერვისს იწყებენ

პარიზის მერიის ინფორმაციით, ზაფხულიდან ქალაქის მოსახლეობას ახალი, ელექტრო მოპედის დაქირავებისა და გადაადგილების საშუალება ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მოპედების გაქირავების ახალი სერვისი საფრანგეთის დედაქალაქს ეტაპობრივად ათასი სკუტერით უზრუნველყოფს.  სერვისით სარგებლობა 20 წელს გადაცილებული, მოპედის მართვის მოწმობის მქონე ყველა მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი.

ელექტრო სკუტერის დაქირავება 15 წუთით 3 ევრო ეღირება. მოწყობილობას 50cc ძრავა აქვს  და  შეუჩერებლად შეუძლია 105 კილომეტრის გავლა.

მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა დილის   7 საათიდან ღამის 1 საათამდე შეეძლებათ. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს 50 სკუტერი გამოცადეს, შედეგები კი პოზიტიური აღმოჩნდა.

“უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 1200-მა ტესტერმა დაახლოებით 4500 მარშრუტი შეასრულა”, - აცხადებს პარიზის მერიის წარმომადგენელი. მისი თქმით, მათგან 65%-მა  აღნიშნა, რომ ახალი სერვისი გამოყენებას ყოველდღიურად აპირებს.

“სითი სკუტიდან” მოპედის დაქირავების შემთხვევაში, მომხმარებელს გაქირავების ტერმინალთან, გასაღებთან ან რაიმე სახის სპეციალურ ბარათთან, როგორც ეს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გაქირავების დროს ხდება, შეხება არ ექნებათ. ისინი სკუტერის დაქირავებას სმარტფონში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციით შეძლებენ.

კომპანია მომხმარებლებს ჩაფხუტისა და ხელთათმანების დაქირავებასაც შესთავაზებს.

პარიზში, სადაც მოტოციკლები და სკუტერები ყოველდღიურად საცობებს ქმნიან, გამოკითხული მოსახლეობის 21%-მა განაცხადა, რომ სიამოვნებით გამოიყენებდნენ ისეთ ელექტრო მოტოციკლს, ან მოპედს, რომელიც გარემოს ნაკლებად აბინძურებს.