მაროკო მზის უმსხვილესი ელექტროსადგურის ამუშავებას იწყებს

5 თებერვალს, მაროკოს მეფე მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურს აამუშავებს. ჯერჯერობით, პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია დასრულებული, რომელიც საბოლოო სახეს 2018 წელს მიიღებს და ის მსოფლიოში უდიდესი იქნება.

 

მზის ელექტროსადგური საჰარის უდაბნოს განაპირას შენდება და დასრულებული პროექტის ფართობი ქვეყნის დედაქალაქის ზომის ტერიტორიაზე იქნება გადაჭიმული. აღნიშნული სადგური ელექტროენერგიით 1,1 მილიონ ადამიანს მოამარაგებს.

 

“დაახლოებით 14:00 საათზე მეფე ღილაკს დააჭერს ხელს, სარკეები დაიწყებენ მოძრაობას და სისტემა ამუშავდება, ამის შემდეგ კი საფუძველი ჩაეყრება მზის ელექტროსადგურის მეორე ეტაპის მშენებლობას”, - ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით განაცხადა მაროკოს განახლებადი ენერგიის წყაროების სააგენტოს სპიკერმა მაჰა-ელ-კადირმა.

 

კომპლექსის პირველი ეტაპის ამუშავების შემდეგ, გათენებიდან და მზის ჩასვლის შემდეგ კიდევ 3 საათის განმავლობაში ელექტროენერგიით 650 000 ადგილობრივი მოსახლე მომარაგდება.

 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია აფრიკისთვის”, - განაცხადა კლიმატის საინვესტიციო ფონდების მენეჯერმა მაფალდა დუარტემ.

 

ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყანა იმედოვნებს, რომ ის 2020 წლისთვის ელექტროენერგიის 42%-ის გამომუშავებას განახლებადი ენერგიით შეძლებს.

მაროკო ნოემბერში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას მასპინძლობს. ქვეყანას იმედი აქვს, რომ ამ კონფერენციას გამოიყენებს უფრო ამბიციური გეგმის განხორციელების ტრამპლინად, კერძოდ, მაროკოს მიზანს 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 52%-ის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავება წარმოადგენს.