ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა იხსნება

ქართულ და ევროპულ მხარეებს შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. წელს უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარი", ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში პირველ ბაზას გახსნის.

Wizz Air აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ბაზის გახსნის შემდეგ, ის მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.

2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა Wizz Air-ის დირექტორის, ჯოზეფ ვარადის, ვიზიტი საქართველოში, რის შემდეგაც ბაზის გახსნისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს სრულად განახლდა, ის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზეა ორიენტირებული. Wizz Air აეროპორტში ფრენებს ამ დროიდან ახორციელებს.

უნგრული ავიაკომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, ქუთაისის აეროპორტში "ვიზეარი" უახლოეს მომავალში თავის 24-ე ბაზას გახსნის.