თბილისში სამედიცინო ველნეს კურორტი Bioli გაიხსნა

თბილისში, კოჯრის სარეკრეაციო ზონაში, ზღვის დონიდან 1,200 მეტრზე სამედიცინო ველნეს კურორტი "ბიოლი" გაიხსნა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპლექსი თავისი კონცეფციით ინოვაციურია მსოფლიო ველნეს ინდუსტრიაში.

"მსოფლიოში ცნობილ ველნეს კურორტები იქმნებოდა როგორც დასასვენებელი ბიზნესი, ხოლო ორგანიზმის გაჯანსაღების იდეოლოგია და სათანადო პროცედურები დამატებით სერვისად იყო წარმოდგენილი. ქართული Bioli კი პირიქით, შექმნილია გაჯანსაღების და დაავადებების ადრეული პრევენციის თანმედროვე სამედიცინო თეორიაზე" - ვკითხულობთ Bioli-ის საიტზე.

ბიოლის გამორჩეულობას ხელს უწყობს გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც. "საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილია სამკურნალო რესურსების მრავალფეროვნებით. იგულისხმება ბიოაქტიური ენდემური სახეობები, სამკურნალო მინერალები და ტალახები. მეცნიერთა აზრით ეს მრავალფეროვნება და ენერგეტიკა კავკასიონის ქედის შედარებით ახალგაზრდა ასაკით აიხსნება".

ბიოლში მკურნალობის მსურველებს, უჯრედის დონეზე ჩაუტარდებათ ორგანიზმის ფუნქციონირების ეფექტიანობის დიაგნოსტიკა. მიღებული შედეგების საფუძველზე დაენიშნებათ ინდივიდზე მორგებული კონკრეტული ველნეს პროგრამა, რაც მოიცავს როგორც ფუნქციონალურ კვებას სამკურნალო მცენარეების დანამატებით, ასევე ანტისტრესულ ფიზიკურ აქტივობებს, სათანადო სპა-თერაპიებს და ინდივიდუალურად ორგანიზმზე მორგებულ სხვადასხვა პროცედურებს.