ქართული ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვიდა

20 და 50 ლარის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში დღეს, 1-ელ თებერვალს, გამოვიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის განმავლობაში მიმოქცევაში გამოვა 100 ლარის განახლებული ბანკნოტებიც და ამის შესახებ საზოგადოება წინასწარ იქნება ინფორმირებული.

ლარის ახალ სერიაზე საგრძნობლადაა გაუმჯობესებული სურათების ხარისხი და ზომა, განახლებულია დამცავი ნიშნებიც, დართულია ახალი სიმბოლოც. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს მარჯვენა და მარცხენა მხარეს დატანებული ნიშნები, რაც მას სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ადვილად ამოცნობადს ხდის.

ქართული ლარი თავისი არსებობის 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ცვლილებების მომსწრე იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ლარის აღმნიშვნელი სიმბოლოც შეიქმნა. განახლებული სამი ბანკნოტის ისტორიაში კი ეს პირველი გრაფიკული ცვლილებაა. ვიდეოში წარმოდგენილია ახალი 20, 50 და 100 ლარიანი ბანკნოტები.

ბანკნოტების გრაფიკის შექმნაზე და მის დახვეწაზე მუშაობდნენ დიზაინერი ბაჩა მალაზონია და პროფესიონალები ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. ისინი მიმოქცევაში იქნებიან წინა ბანკნოტებთან ერთად. განახლებული ლარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.