დათა ფირცხალავას ფილმი "მამა" PREMIERS PLANS FILM FESTIVAL-ის საკონკურსო პროგრამაშია

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, დათა ფირცხალავას ფილმი "მამა" Premiers Plans Film Festival-ზე წარსდგება. იგი კინოფესტივალის ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში იღებს მონაწილეობას.

დათა ფირცხალავასთვის, როგორც რეჟისორისთვის, ფილმი "მამა" სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დათა ფირცხალავა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, ფილმი "მამა" წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

Premiers Plans Film Festival 1989 წლიდან საფრანგეთის ქალაქ ანჟეში (Angers) ტარდება და იგი წლების მანძილზე ევროპელი კინემატოგრაფისტების შეხვედრის ადგილია.

წელს ფესტივალი 22-31 იანვარს ჩატარდება.